ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ “წლის მოხალისე” დააჯილდოვეს, რომელიც ლუკა მიქაუტაძე გახდა.
დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო, სტარტაპ და ახალგაზრდული ორგანიზაციების საგამოფენო სივრცეები. ჩატარდა შემეცნებითი ქვიზები, ინტერაქციული თამაშები, სპორტული აქტივობები, რადიომართვადი მანქანების (RC) შოუ და თანამედროვე დრონების სანახაობრივი წარმოდგენა.
ასევე, მოეწყო მოხალისეობის აპლიკაციის, ახალგაზრდობის სააგენტოს, ახალგაზრდული ბარათისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Coursera-ს პრეზენტაციები.
დღის ბოლოს გაიმართა ჯგუფების - “ურსას” და “Goofy Land”-ის კონცერტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.