ქუთაისში „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე მოქმედ ახალ ნარკოლოგიურ სტაციონარულ კლინიკას პაციენტების ფიზიკური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სპორტული ინვენტარი გადაეცა.
კლინიკა აღიჭურვა მაგიდის ჩოგბურთისთვის განკუთვნილი სრული ინვენტარით, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს, მკურნალობის პროცესში ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს რეაბილიტაციის პროცესს, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და პაციენტების სოციალურ ინტეგრაციას.
სტაციონარულ კლინიკაში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. პაციენტებთან მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ექიმ-ნარკოლოგებთან ერთად სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკი შედიან.
პაციენტების კეთილდღეობასა და სარეაბილიტაციო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით ეტაპობრივად განხორციელდება მსგავსი ინიციატივები და კლინიკები დამატებითი სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით კვლავ აღიჭურვება.