ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისადმი ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების ინტერესი სულ უფრო იზრდება. მათ შორის, გახსნის დღიდან, ვიზიტორების განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ტექნოლოგიურ ჰაბში მდებარე ქვეყნის პირველი ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი-25 ივლისიდან დღემდე, მუზეუმს უკვე 1 600-მდე ვიზიტორი ესტუმრა.
ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ წარმოდგენილი ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
მუზეუმის პოპულარობა და მის მიმართ ვიზიტორთა მაღალი ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინტერაქციული სამეცნიერო სივრცეები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დაინტერესების პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი არაფორმალური განათლების ხელშეწყობის კუთხით.