TOP-NEWS.GE / წყალტუბოს მოცვის ბაღებში დაკრეფილი ლურჯი მოცვი ექსპორტზე გადის

წყალტუბოს მოცვის ბაღებში დაკრეფილი ლურჯი მოცვი ექსპორტზე გადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნენ.
„საქართველოში მოცვის ინტენსიური წარმოება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწო. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის მონდომებით, ქართული მოცვი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, მოთხოვნადია და აქტიურად გადის ექსპორტზე.  მწარმოებლებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე აქვთ, მათ შორის ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში მონაწილეობის და  ქართულ მოცვზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
,,იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე მოვინახულეთ მოცვის ბაღები. სახელმწიფოს ჩართულობითა და დახმარებით, იმერეთში ლურჯი მოცვის გაშენება 12 მლნ ლარზე მეტით არის დაფინანსებული. პროდუქცია შედის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. 

კერძო სექტორში სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის. კერძოდ, რეგიონში იმატებს დასაქმებულთა რაოდენობა, იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი, ვითარდება ინფრასტრუქტურა და მცირდება მიგრაცია. ხოლო ქვეყანაში იზრდება და ძლიერდება ეკონომიკა,“- აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ შპს „ბლუფილდი“ 2021 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 20 ჰექტარზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის ბაღი. მოსავლის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.  საკუთარი  ნედლეულისაგან აწარმოებს  ლურჯი მოცვის ლიქიორსა და ჩირს. კომპანიაში მუდმივად 11 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა  200 აღწევს. 

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით  57 მლნ ლარზე მეტით, 3,300 ჰა-ზე მეტ ფართობზე  დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება,  მათ შორის, იმერეთის  რეგიონში, 12 მლნ ლარზე მეტით,  700  ჰა-ზე ლურჯი მოცვის გაშენება.   
მინისტრთან ერთად,  მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღეს, 15:06
უკან დაბრუნება