TOP-NEWS.GE / გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ და  განცხადებას ავრცელებენ.

"უკვე ზუსტად 597 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ, ჭიათურელ მაღაროელებს შრომის სათანადო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დამსაქმებლის წინაშე დაფიქსირებული მოსაზრებების გამო  წაგვერთვა შრომითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და ვიმყოფებით იძულებითი მოცდენის პირობებში. 

შრომის უფლება აღიარებული და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური აქტებით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი, ევროპის სოციალური ქარტია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფუნდამენტური კონვენციებით გარანტირებული შრომის უფლება.  

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და არსებული მწვავე ვითარებიდან  გამოსასვლელად,   გამოვხატავთ სრულ მზაობასა და სურვილს, საკითხი გადაწყდეს სოციალური პარტნიორობის სამხვრივი კომისიის ფარგლებში-გაფიცვაში მონაწილე მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფისა და დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით, კონსტრუქციულად, ურთიერთ პატივისცემისა და საკითხის შეთანხმების გზით გადაწყვეტის სულისკვეთების პრინციპების გათვალისწინებით,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 20:49
უკან დაბრუნება