ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი ითვალისწინებს მდინარის კალაპოტის მეხუთე რიგის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას 1.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე, ბუხაიძის ქუჩიდან ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავს კალაპოტის ფსკერის დაღრმავებას, გეომეტრიული კონტურების კორექტირებასა და ნაპირსამაგრი ზოლის მოწყობას რიყის ქვით შევსებული გაბიონის კონსტრუქციებით. ასევე, დაგეგმილია ტიპიური მონოლითური რკინაბეტონის გადასასვლელის მოწყობა.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2024-2025 წლებში განხორციელებული ნაპირსამაგრი ღონისძიებების გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდას და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაცვას მდინარის სტიქიური ადიდებისგან.
მდინარე ოღასკურას კალაპოტის მეხუთე უბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებაა 4 893 422 ლარი და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.