ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან ერთად, ქუთაისში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქუთაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე, მრავალფუნქციური პარკის შექმნა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია მოიცავს ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
აბაშიძის ქუჩის ახალ ბულვარში გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული ზონები, გამწვანება და მოსახლეობის დასვენებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური პარკი ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ განვითარდება.