ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მერის, კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ჟანა ნემსაძე, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი, მერის თანაშემწე ვალოდ აკლემენჯერიძე და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხს.
საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ჟანა ნემსაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობაა.
„უახლოეს პერიოდში იწყება ახალგაზრდული ბანაკები, ფეხბურთისა და კალათბურთის ჩემპიონატები და არაერთი სხვა აქტივობა, რომელთა განხორციელებაშიც აქტიურად გვეხმარებიან საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა წარმომადგენელი მაქსიმალურად იყოს ჩართული ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის პროცესში“, – აღნიშნა ჟანა ნემსაძემ.
მერის მოადგილემ დავით დევდარიანმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რის გამოც პროცესების მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა თითოეულ სოფელში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროექტების მიმდინარეობა მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასრულდა იმ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცესი, სადაც მომავალში თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება. აღნიშნული ტერიტორია მალე მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, რაც პროექტის განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, დასრულებულია სტადიონის ტერიტორიის საკადასტრო და ტექნიკური საკითხების მოწესრიგებაც, რის შემდეგაც პროექტირების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავა.
მუნიციპალიტეტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია, რომლის საპროექტო სამუშაოების გამოცხადებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სოფლებში წყალმომარაგების სისტემების განვითარება იყო. ყურადღება გამახვილდა სოფელ საქარიქედის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პერსპექტივებზე.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კვლევებით წყლის საკმარისი დებეტი დადასტურდება, მუნიციპალიტეტი მზად არის სოფელ საქარიქედზე განახორციელოს პროექტი ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემების მოწყობის მიზნით.
ასევე განიხილება საქარიქედის, ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების შესაძლებლობაც, რაც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მერმა განმარტა, რომ ცენტრალიზებული სისტემების მოწყობის შემთხვევაში აბონენტების გამრიცხველიანება მოხდება.
მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფლებში ცენტრალიზებული წყალმომარაგების ქსელების მოწყობის ახალ ეტაპზე გადადის.
მუნიციპალიტეტის მიზანია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს მცირე, ლოკალური და დროებითი წყალმომარაგების სისტემები და შეიქმნას თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობას სტაბილური და ხარისხიანი სასმელი წყლით მოამარაგებს.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროექტი სოფელ სარგვეშში განხორციელდება.