TOP-NEWS.GE / სკალდის მთაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართება

სკალდის მთაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართება

31 მაისს, დილის 11:00 საათზე, ქვემო სვანეთში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება.

დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მონაწილეები დაესწრებიან წირვა-ლოცვას, გაეცნობიან სვანურ ფოლკლორსა და ტრადიციებს.

სოფელ ფაყში დაგეგმილია კულტურული პროგრამა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების, თვითნასწავლი მხატვრებისა და ხელსაქმის ოსტატების ნამუშევრები.

სკალდის მთაზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები -დოღი და ჯილდაობა. გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ფაყობა–სკალდობა ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაულია. სკალდის მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, ყოველწლიურად მასპინძლობს მომლოცველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 

დღეს, 00:14
უკან დაბრუნება