24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა-ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტების სამსახურები აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ.
"იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში ინტესიურად წვიმდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშა-ხრეშოვანი გზები,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.