ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.
დაიტბორა ქალაქ ონისა და რამდენიმე სოფლის ქუჩები, დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა და წყლის გამტარი არხები. ქვა-ღორღის ჩამოშლამ აღნიშნული არხები ნაწილობრივ ამოავსო, რის შედეგადაც წყლის ნაკადი გზებზე გადმოიღვარა. ასევე, მოქალაქეთა ნაწილს დაეტბორა საცხოვრებელი სახლები.
ამასთან, კვლავ აქტიურია მეწყრული პროცესი ქალაქ ონის შესასვლელთან. გზის მონაკვეთზე ჩამოსულია ქვისა და მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებზე იმყოფებოდა და ადგილზე ეცნობოდა მოსახლეობის საჭიროებებს.
შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. პროცესში ჩართულია ტექნიკა.