ლეჩხუმში, ცაგერში, “ვინ-ეგარი”-ს ახალი საწარმო აშენდა.
როგორც საწარმოში აცხადებენ, 2025 წელს შპს “ვინ-ეგარი” მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში“. ამ პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სააგენტოსა და კრედო ბანკის მხარდაჭერით, ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში — მაღალმთიან, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში — აშენდა თანამედროვე ძმრისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო.
"ეს არის განსაკუთრებული ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც, რადგან საწარმო წარმოადგენს ლეჩხუმში ერთ-ერთ პირველ თანამედროვე ხილის გადამამუშავებელ ობიექტს, რომელიც შეძლებს ტონობით ვაშლის მიღებასა და სრული ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებას — ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის წარმოებამდე.
საწარმოში შესაძლებელი იქნება:
🍏 ვაშლისა და სხვა ხილის მიღება
🍏 დაწურვა და დამუშავება
🍏 შენახვა
🍏 ხარისხიანი, ღირებულ პროდუქციად გარდაქმნა
საწარმოს შენობის პროექტი შემუშავებულია ყველა შესაბამისი სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით. მშენებლობა დასრულდა 2026 წლის თებერვალში, რის შემდეგაც ობიექტი ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. ჩვენი მიზანია, საწარმო განვითარდეს ბიო მიმართულებით, „ელკანას“ პრინციპებზე დაყრდნობით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეიქმნას ქართული, ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქტი. ვაშლის მიღებას 2026 წლის აგვისტოდან დავიწყებთ.
ეს ნიშნავს, რომ რეგიონში მოყვანილი მოსავალი აღარ დაიკარგება, ადგილობრივი ფერმერების შრომა ღირებულ პროდუქტად გადაიქცევა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი პროექტები რეგიონებს აცოცხლებს, ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს და ქართულ პროდუქტს ახალ შესაძლებლობებს აძლევს,"-აცხადებენ საწარმოში.