რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან-ქრისტინა კობახიძესთან და ალუდა თუთისანთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა, მათთან ერთად განიხილა სკოლაში არსებული გამოწვევები, იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს N2 საჯარო სკოლის გაუქმება და მის ნაცვლად რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
სახელმწიფო რწმუნებულმა პედაგოგებსა და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ N2 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ხოლო გამოწვევები, რომლებმაც პროექტის გათვალისწინებულ ვადებში დასრულება შეაფერხა, ამჟამად აღმოფხვრილია.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის მერია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს სამუშაოების უმოკლეს ვადებში დასასრულებლად.
შეხვედრაზე მშობლებსა და პედაგოგებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სკოლის ტერიტორიაზე არსებული სტადიონის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.