TOP-NEWS.GE / ქუთაისის მერი: "ქუთაისქალაქობა 2026" ჩატარდა ისე, როგორც ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს ეკადრება!

ქუთაისის მერი: "ქუთაისქალაქობა 2026" ჩატარდა ისე, როგორც ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს ეკადრება!

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი "ორმაისობას" აჯამებს. მისი თქმით, "ქუთაისქალაქობა 2026" ჩატარდა ისე, როგორც ქალაქს და თანაქალაქელებს ეკადრებოდა.

"მთელი დღის განმავლობაში უამრავი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება ჩავატარეთ.  ტრადიციულად, დავიწყეთ ბაგრატის ტაძრიდან,  პატივი მივაგეთ სამი ოთარის ხსოვნას, ვუმასპინძლეთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, გავხსენით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სივრცე,  გაიმართა გამოფენები, წარმოდგენები და კონცერტები.

"ქუთაისქალაქობა 2026"-ის ერთ-ერთი  მთავარი ღონისძიება-საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა მესხიშვილის თეატრში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, 2026 წელს  ქუთაისის “საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭათ: ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, გოჩა ბაკურაძეს; საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის მთავარ მწვრთნელს, კონსტანტინე ტუღუშს;
გერმანიის ქალაქ ობერშტანის ნევროლოგიის კლინიკის ექიმს, მარტინ აიკეს; მეცენატსა და ქველმოქმედს, შპს „ვდკს“  დირექტორს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს,  დავით თვალთვაძეს; დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონის“ პედიატრიის სამსახურის ხელმძღვანელს, ექიმ-პედიატრს, ზურაბ უბერს; გამოჩენილ  ფეხბურთელს, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს  რევაზ ძოძუაშვილს.

ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მართლაც საპატიო წოდებას, დიდხანს და მხნედ იყონ, ქუთაისის საკეთილდღეოდ,"-ამბობს დავით ერემეიშვილი. 

2-05-2026, 22:19
უკან დაბრუნება