საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანია საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზის სრულფასოვანი განახლება და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან გათანაბრება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას.
ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია განათების თანამედროვე სისტემის მოწყობა, საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და თანამედროვე სპორტული გარემოს შექმნას.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლუბის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.