TOP-NEWS.GE / მთავრობა ქუთაისში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას ისევ გეგმავს

მთავრობა ქუთაისში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას ისევ გეგმავს

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ხელშეკრულება სააგენტომ შპს „ბიდიო კონსალტინგთან“ გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა 7 წლის შემდეგ, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მოწყობის იდეას კვლავ მიუბრუნდა.

დოკუმენტის მიხედვით, კვლევის მიზანი საქართველოში ელექტრომობილების (EV) წარმოების დაწყების მიზანშეწონილობის შეფასებაა, განსაკუთრებული ფოკუსით ქუთაისზე, როგორც ინდუსტრიულ ცენტრზე, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური წვდომა პორტებთან და რეგიონულ ბაზრებთან.

ხელშეკრულების ღირებულება 141 600 ევროს ეკვივალენტია ლარში. კვლევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში და საბოლოო შედეგი წარმოდგენილი იქნება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა.

პროექტზე მუშაობაში „ბიდიო კონსალტინგთან“ ერთად ჩართული არიან მისი ქვეკონტრაქტორები, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები — BDO China და CACI (Jilin) Technology Service, რაც კვლევის გლობალურ კომპონენტზე მიუთითებს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, კვლევა მოიცავს ბაზრის მოთხოვნის ანალიზს როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ და საექსპორტო ბაზრებზე, ტექნოლოგიური კონფიგურაციების შეფასებას (მათ შორის CKD/SKD ან სრული წარმოება), მიწოდების ჯაჭვის ანალიზს და ფინანსური მოდელის მომზადებას.

გარდა ამისა, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს პროექტის ეკონომიკური ეფექტი, მათ შორის დასაქმებაზე, ექსპორტზე და ბიუჯეტურ შემოსავლებზე გავლენა და განსაზღვროს სახელმწიფოს შესაძლო მონაწილეობის ფორმები, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები ან ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.

ტექნიკური დავალების თანახმად, კონსულტანტმა, ანუ "ბიდიო კონსალტინგმა" დამქირავებელს, ანუ "აწარმოე საქართველოში"-ს უნდა წარუდგინოს დასაბუთებული არგუმენტაცია ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის განხორციელებადობის შესახებ. პროექტის თაობაზე მიწოდებული პასუხი სამი სახის შეიძლება იყოს:

"მკაფიო რეკომენდაციას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ, შემდეგი ფორმატით: განხორციელება (Go) / პირობითი განხორციელება (Conditional Go – განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში) / არ განხორციელება (No-Go)", - ნათქვამია კონტრაქტში.

მთავრობა ელექტრომობილების ქარნის ქუთაისში აშენების პროექტს 2019 წელსაც გეგმავდა
2019 წლის 27 მაისს, ეკონომიკის სამინისტროს, ჩინურ კომპანია Changan-სა და ქართულ კომპანია "აი გრუპს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც 24 თვის ვადაში ქუთაისში დაახლოებით 100 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას მოიცავდა.

2019 წელსვე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში გამართა პრეზენტაცია, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ავტომობილების წარმოების სექტორი აღდგებოდა. თუმცა, პროექტი არ განხორციელდა, რაც თავდაპირველად პანდემიას უკავშირდებოდა, თუმცა ის არც პანდემიის შემდეგ არ განახლდა. 2022 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქარხნის დიდი ნაწილი უკვე საქართველოში იყო ჩამოტანილი და ძალიან მალე ის ამოქმედდებოდა. თუმცა, შემდეგ მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტი შეიცვალა და საქართველოში არა ელექტრომობილების წარმოება, არამედ ელექტრობატარეების წარმოება დაიწყებოდა. თუმცა არც ამ მიმართულებით პროექტი არ განხორციელებულა.

23-04-2026, 15:49
უკან დაბრუნება