TOP-NEWS.GE / “რაღაც უნდა მოიფიქროს მთავრობამ,”-მოსახლეობა ქუთაისი-ტყიბულის გზაზე

“რაღაც უნდა მოიფიქროს მთავრობამ,”-მოსახლეობა ქუთაისი-ტყიბულის გზაზე

მოსახლეობა, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის მიმართულებით გადაადგილდება, დახმარებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც 12 მარტს სოფელ კურსებში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება, თუმცა ამბობენ, რომ შემოვლითი გზა დატვირთვას ვერ უძლებს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. 

“დავიტანჯეთ....აწი რომ სიცხეები წავა, ალბათ გავიგუდებით იმ კოლონაში. ოდნავ გამოანათა და გული წამივიდა ლამის. დილის საათებში, რამოდენიმეჯერ ორივე მხრიდან მოხდა მანქანების გაშვება, ესეც  კიდევ ცალკე სანერვიულო. დროულად დაგვაყენონ საშველი,”-ამბობს ნინო მახვილაძე. 

“აღდგომას ძალიან დიდი ნაკადი დააწვება იმ სასოფლო 1 ზოლიან გზას და თუ დაკეტეს, მერე ნახე. როცა სხვა  სოფლიდან ქუთაისამდე 15 წუთი გინდა, უნდა შემოუარო, ახვიდე ტყიბულში, ჩახვიდე თერჯოლაში და იქედან წამოხვიდე ქუთაისში. ძალიან ცუდი სიტუაცია ნამდვილად. სხვა გზა რეალურად არ არსებობს”;

“ვინც მარჯვენა სანაპირო მხარეს ვცხოვრობთ, ჩვენი გზის გამოყენებით დავიტანჯეთ. ძლივს ვეღირსეთ ცოტა ნორმალურ გზას. ეხლა უკვე გზაც ზიანდება, დასკდა უკვე ბეტონის საფარი, აღდგომას არ ვიცი რა იქნება, როგორ მივალთ სასაფლაომდე. რაღაც უნდა მოიფიქროს მთავრობამ,”-ამბობს ნანა იდაძე.

სოფელ კურსებში მეწყერმა 15 სახლი დაანგრია. სოფლიდან 45 ოჯახი გაიყვანეს. ცნობილია გეოლოგების პირველადი დასკვნა, რომელსაც ტყიბულის მერია მოსახლეობას 8 აპრილს გააცნობს. 

5-04-2026, 20:34
უკან დაბრუნება