TOP-NEWS.GE / ამბროლაურის საცურაო აუზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ამბროლაურის საცურაო აუზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქალაქ ამბროლაურში საცურაო აუზის რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შუალედური პროექტი განიხილეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის შიდა და გარე სივრცეების სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილტრაციის სისტემის მონტაჟი, საცურაო აუზის რეზერვუარის განახლება, გარე ფასადის და საშხაპეების რეაბილიტაცია, ასევე ახალი ორთქლის აბანოს (საუნის) მოწყობა.

შეხვედრაზე რეგიონის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შემსრულებელს მიეცა კონკრეტული რეკომენდაციები ტექნიკურ დავალებაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, პროექტის სრულყოფისა და ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სპორტული ინფრასტრუქტურა, შეიქმნება თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის განვითარებას მუნიციპალიტეტში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე.

24-03-2026, 16:58
უკან დაბრუნება