TOP-NEWS.GE / რა ახალი პროექტები იგეგმება ხარაგაულში?-ორშაბათის ტრადიციული თათბირის დეტალები

რა ახალი პროექტები იგეგმება ხარაგაულში?-ორშაბათის ტრადიციული თათბირის დეტალები

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მერის განცხადებით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება შესყიდვა ხარაგაულის საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციისთვის. კობა ლურსმანაშვილის თქმით, დასრულდა მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის ადგილის შერჩევის ეტაპი, ხოლო დამუშავების პროცესშია ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი.
 
„მიმდინარე წელს ხარაგაულში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი გარემო, განვავითაროთ საზოგადოებრივი სივრცეები და ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამუშაოების ხარისხსა და ვადების დაცვას,“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, გამოცხადებულია ასევე ტენდერი სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის. 

მერმა მერის მოადგილე, დავით დევდარიანს  დაავალა, აწარმოონ მონიტორინგი იმ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც საჭიროა კიბის უჯრედების ინფრასტრუქტურული განახლება, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს მათი პროექტირება და რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაზე. ზვარეში და ბორითში მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მოძიება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. მერის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ტექნიკურად აღჭურვილი სასწავლო გარემოს შექმნისკენ, რაც რიგ შემთხვევაში სკოლების გაერთიანებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების სისტემის გაძლიერებას გულისხმობს. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს წყალაფორეთისა და საღანძილის საჯარო სკოლებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტაზე.

მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან შეთანხმებისა და საპროექტო ინიციატივების მოწონების შემდეგ, დაიწყება იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მოსახლეობამ პრიორიტეტულად დაასახელა.


გუშინ, 19:33
უკან დაბრუნება