ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოზამთრე ფაზიდან გამოსული აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ ინაცვლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას იწყებს. დროული რეაგირებისა და რისკის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა დავით აშორდიამ რეგიონების ჯგუფის უფროსებთან მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილა.
ინტენსიური წამლობების დაწყებამდე, სააგენტოს სპეციალისტები „მონიტორინგის ხაფანგების“, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“, ფერომონიანი ხაფანგების განთავსებას იწყებენ. მონიტორინგის შედეგად კი, შემდეგ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით მეთოდით დაიწყება.
“წელსაც, წინა წლების მსგავსად, ჩატარდება მასშტაბური ღონისძიებები. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული. ჩვენი პრიორიტეტია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა“, - განაცხადა დავით აშორდიამ.