TOP-NEWS.GE / ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტის იუბილეს აღსანიშნავად გალა-კონცერტი გაიმართება

ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტის იუბილეს აღსანიშნავად გალა-კონცერტი გაიმართება

20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტს, გამოჩენილ მომღერალს რამაზ კუბლაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სახალხო არტისტის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის ვაჟა კუბლაშვილის ვაჟი - რამაზ კუბლაშვილი სახელოვანი მამის შემოქმედებით ტრადიციათა საუკეთესო გამგრძელებელია.

დიდი სცენის დაპყრობა ოთხი ათეული წლის წინათ დაიწყო, როდესაც 21 წლის ახალგაზრდის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტის (დიმიტრი მჭედლიძის კლასი), ტენორ რამაზ კუბლაშვილის შთამბეჭდავი დებიუტი შედგა მალხაზის პარტიით ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისში“, კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში.

კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1979 წლიდან რამაზ კუბლაშვილის შემოქმედებითი კარიერა ქუთაისის ოპერის თეატრს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლშიც მოღვაწეობდა ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით 6 წლის მანძილზე; 1986–87 წლებში კი ზურაბ სოტკილავას ხელდასხმით სტაჟირება გაიარა მოსკოვის „დიდ თეატრში“.

აგერ უკვე 47 წელია უშურველად იხარჯება თეატრის სასიკეთოდ და სასახელოდ. ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად არც ერთი პრემიერა არ გამართულა მისი აქტიური ჩართულობის გარეშე. ის მუდამ მონაწილეობს სარეპერტუარო სპექტაკლებში და თეატრის საკონცერტო ცხოვრებაში.

მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ პარტიებს, როგორებიცაა:

აბესალომი, მალხაზი, გურამი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), კოტე (დოლიძის „ქეთო და კოტე“), არსაკიძე (მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), მინდია, ერთაოზი (თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“), ბერდო (ლაღიძის „ლელა“), ალფრედი, ჰერცოგი (ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), ნადირი (ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“), რინუჩო (პუჩინის „ჯანი სკიკი“), ლენსკი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვის „ალეკო“) და ა.შ.

1996 წელს რამაზ კუბლაშვილი მონაწილეობდა იუნესკოში გამართულ „ქუთაისის კულტურის დღეებში“.

რამაზ კუბლაშვილი მუდამ დიდი წარმატებით გამოდის სცენაზე, რამაც მას

დამსახურებულად მოუტანა მსმენელთა დიდი სიყვარული და პატივისცემა.

შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, პროფესორი რამაზ კუბლაშვილი აქტიურ, ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. მისი არაერთი აღზრდილი წარმატებით ემსახურება ქართულ მუსიკალურ კულტურას.

საგულისხმოა, რომ რამაზ კუბლაშვილი 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2018 წელს კი საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი - „ხელოვნების ქურუმით“. ამავე წელს ქუთაისის ოპერის თეატრის წინ გაიხსნა რამაზ კუბლაშვილის ვარსკვლავი.

6 მარტს, 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, მესხიშვილის თეატრში გაიმართება საიუბილეო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს იუბილარი, მისი კოლეგები, აღზრდილები და თეატრის ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.

დასაწყისი: 19:00 საათზე.

4-03-2026, 15:20
უკან დაბრუნება