სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის მუხლით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
სამტრედიის სოფელ მელაურში ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.
სხვადასხვა ოპერაციების დროს, კლინიკებში სხეულის ამპუტირებული ნაწილები სოფელ მელაურის მცხოვრებლებმა ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ თავდაპირველად ყურადღება მძაფრმა სუნმა მიიქცია. მოგვიანებით კი შემთხვევით აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, რომლებიც ძაღლებმა გამოიტანეს.