ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეოს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ვახტანგ ღაჭავა წარადგინა. ვახტანგ ღაჭავას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის დღემდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვას შეეხო.
რეფორმის თანახმად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.