TOP-NEWS.GE / წინასაახალწლოდ ხარაგაულის მერიის მიერ გაცემულ ფინანსურ დახმარებას - 172 000 ლარს 1 655 მოქალაქე მიიღებს

წინასაახალწლოდ ხარაგაულის მერიის მიერ გაცემულ ფინანსურ დახმარებას - 172 000 ლარს 1 655 მოქალაქე მიიღებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან წლის ბოლო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა  ზამთრის სეზონისთვის  მზადება და საახალწლოდ მოქალაქეებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება იყო. 

შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა უამინდობისას დროული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას.

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ზამთრის პირობებში მოქალაქეებისათვის უსაფრთხო პირობები შევქმნათ", - განაცხადა მერმა.

კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა  მერის წარმომადგენლებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ მერია აქტიურად გააგრძელებს  მუშაობას მოქალაქეების საჭიროებების დროულად და სრულყოფილად უზრუნველსაყოფად.

როგორც შეხვედრაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, წინასაახალწლოდ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ფინანსურ დახმარებას - 172 000 ლარს 1 655 მოქალაქე მიიღებს.

“ეს იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები ჰქონდათ“, - განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ.
 
კობა ლურსმანაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ღვერკსა და ხემაღალში  სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე. როგორც მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მერია მუდმივად იყოს კონტაქტზე დაზარალებულ ოჯახებთან და მათთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევა  დროულად და ეფექტურად მოხდეს.

შეხვედრას მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ასევე მერის მოადგილე დავით დევდარიანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ესწრებოდნენ.

29-12-2025, 14:08
უკან დაბრუნება