ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხი განიხილა. როგორც მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი ტექნიკური თვალსაზრისით სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ზამთარს.
შეხვედრაზე განიხილეს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს.
შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონული მიმოსვლის მატარებლის ფუნქციონირების საკითხზე. აღინიშნა, რომ მატარებელი მოქალაქეების მომსახურებას კვლავ გააგრძელებს, ხოლო მოლითი-წიფის მარშრუტზე შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.
ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჯამში 6 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა. აღინიშნა, რომ მერიის სწორად დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, გარდამავალი პროექტების ხარჯზე, დამატებით 4 მილიონი ლარის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა. როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, მერიის ეფექტური მართვისა და ზედმიწევნით ორგანიზებული მიდგომის შედეგად, მილიონობით ლარის პროექტები დროზე ადრე სრულდება, რაც მუნიციპალიტეტს ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
კობა ლურსმანაშვილმა ღვერკსა და ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გაცემის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი უკვე დასკვნით ეტაპზეა.
შეხვედრას მერის მოადგილეები-ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ესწრებოდნენ.