ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - რეზო ჩხეიძის სახ. შემოქმედებით სახლში „ჯარისკაცის მამა“ მწერალ დია ჩიანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
შემოქმედებით სახლთან ერთად ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. საღამოზე წარმოდგენილი იყო დია ჩიანელის ცხოვრების ამსახველი ლიტერატურული პერფორმანსი სასახლის აღსაზრდელების მონაწილეობით.
ღონისძიებას დაესწრნენ: გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე, გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე, ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.
მწერალ დია ჩიანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოები შემოქმედებით სახლში ყოველ წელს იმართება. როგორც ცნობილია, მწერალი დავით ჩხეიძე (ფსევდონიმით დია ჩიანელი) საბჭოთა კავშირში 1937 წელს განხორციელებული რეპრესიების დროს იქნა დახვრეტილი. ის აქტიურად ედგა სათავეში ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მისი პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული „შემოდგომის ცრემლები“ 1918 წელს გამოქვეყნდა. რომანი „გიონ დარნა“ 1929 წელს გამოვიდა. თავის სიცოცხლეშივე გამოსცა პროზაული კრებული „ორბი“ (1933). ეკუთვნის პიესები: „ურაგანი“, „ბეთქილი“, „ბაილი“, „ნაირმალი“.