TOP-NEWS.GE / “გახარია საქართველოსთვის” ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტს იწუნებს

“გახარია საქართველოსთვის” ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტს იწუნებს

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობს.

2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენლებს. 

“მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერიამ საკრებულოს ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი წარუდგინა. მომდევნო დღეებში, ბიუჯეტის განხილვის პარალელურად, წარმოგიდგენთ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” კონკრეტულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს. მანამდე კი, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მიმოვიხილავ მერიის მიერ წარმოდგენილ 2026 წლის ბიუჯეტს.

წარმოდგენილი ბიუჯეტი საგრძნობლად არის შემცირებული წინა წლებთან შედარებით და თითქმის 125 მილიონს შეადგენს. მიუხედვად იმისა, რომ წლის განმავლობში ცენტრალური ხელისუფლებისგან მოხდება დამატებითი სახსრების გამოყოფა, ბიუჯეტს წარმოდგინილი პროექტის მიხედვით შევაფასებთ. 

პირველ რიგში, არავის გაუკვირდება, რომ ბიუჯეტის შემცირების პირობებში, ბიუროკრატიული ხარჯები წელსაც იზრდება. მერიაში დასაქმებული პირების რაოდენობა უცვლელია, თუმცა, შრომის ანაზღაურებაში წელს მუნიციპალიტეტი 10 მილიონით მეტს დახარჯავს, რაც წინა წლის გეგმასთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტია.

საგრძნობლად შემცირებულია ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც. რადიკალურად მცირდება გზებისა და ტროტუარების შეკეთებისთვის გამოყოფილი თანხები. მინიმალურამდეა დაყვანილი სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის ხარჯები მიუხედვად იმისა, რომ ეს საკითხი ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. ასევე, ძალიან მცირდება ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია, მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების გამოყოფილი ხარჯებიც. 

იგივე მდგომარეობაა ქალაქის კეთილმოწყობის კუთხით. ბინების ფასადების მოწესრიგება და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მინიმალურამდეა დაყვანილი. ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების პირობებში, მერია გეგმავს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების შეძენა-ექსპლუატაციაში 2.2 მილიონი დახარჯოს, რაც წინა წელთან შედარებით 350%-ით არის გაზრდილი. ასეთი რადიკალური ცვლილება ლოგიკურ კითხვას აჩენს, ეს შესყიდვები დაკავშირებული ხომ არ არის ქვეყანაში არსებულ საპროტესტო აქციებთან? 

ასევე, სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხები ნულამდეა დაყვანილი, მაშინ როდესაც ქალაქში ძლიერი წვიმა ან თოვლი სერიოზულ მატერიალურ ზიანს აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ასევე, საგრძნობლად შემცირებულია მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისა, სკვერების მოწყობა-დასუფთავებისა და განვითარების ხარჯებიც. 

წელსაც, ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი კულტურასა და სპორტისკენ მიემართება. ამისთვის, 124 მილიონიან ბიუჯეტში 30 მილიონია გამოყოფილი. თვალსაჩინოებისთვის, კულტურასა და სპორტისთვის ბიუჯეტის 25% იხარჯება, ხოლო სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში, მხოლოდ 5% (5.8 მილიონი ლარი). 

რაც შეეხება ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ბიუჯეტი მინიმალურად იზრდება და 10.3 მილიონ ლარს შეადგენს. უცვლელია მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები. 

ზოგადი შეფასებიდანაც ჩანს, რომ მერიის მიერ წამოდგენილი ბიუჯეტი კრიტიკას ვერ უძლებს. ვერ პასუხობს ქალაქის ინფრასტრუქტურულ-სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებსა და გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კვირებში საკრებულო იმუშავებს იმისთვის, რომ ქალაქის პრიორიტეტები სწორად იქნეს შეფასებული და ბიუჯეტი მოერგოს საზოგადოების ინტერესებს,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია. 

 

22-11-2025, 12:27
უკან დაბრუნება