ქუთაისის N13 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მუნის შემთხვევების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ბოლო პერიოდში მუნის გავრცელებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშობლებში. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია, რადგან მუნი გადამდები დაავადებაა და სკოლებში მისი გავრცელების საფრთხე არსებობს.
აქედან გამომდინარე, ჩვენს სკოლაში გატარდება პრევენციული ღონისძიებები. არსებული სადეზინფექციო მარაგით,
ყოველდღიურად დავამუშავებთ მერხებს, ბავშვებთან ჩავატარებთ საუბრებს ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება მშობელთა ჩართულობა და დახმარება. სასურველია, ბავშვებმა თავადაც იქონიონ ანტიბაქტერიული ხელსახოცები და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შემდეგ, დაიმუშაონ ხელები. მოერიდონ ერთმანეთთან ჩახუტებას, გადაკოცნას, ერთმანეთის სასწავლო ნივთების გამოყენებას.
ასევე, ძალიან გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ დაუზუსტებელ ინფორმაციებს და დაუყოვნებლად გვაცნობეთ, თუ იქნება ექიმის მიერ დადასტურებული დიაგნოზი.
მუნი არც მომაკვდინებელია და არც სასირცხვილო!
გთხოვთ,არ დამალოთ დაავადების შემთხვევები! დამალვა არ დაეხმარება დაავადებულს. სამაგიეროდ, ძალიან ავნებს სასკოლო საზოგადოებას და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სასწავლო პროცესს.
ერთად ვებრძოლოთ ამ გადამდებ დაავადებას და არ მივცეთ გავრცელების საშუალება,”-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.