TOP-NEWS.GE / ცაგერის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება

ცაგერის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება

„თიბისის“ მხარდაჭერით, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება.

პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე. პროექტის კურატორია მარიამ კაკაბაძე.

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფელ ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ გაატარა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე - გარემოში, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაში.

მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს პოეტის პიროვნებისა და შემოქმედების ავთენტურ, ცენზურისგან თავისუფალ წარმოდგენას. ახალი კონცეფცია აქცენტს აკეთებს ასათიანის ოჯახის ისტორიაზე, საბჭოთა ეპოქის რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმზე, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.

განახლებული მუზეუმი ერთდროულად წარმოგვიდგენს, როგორც ლადო ასათიანის შემოქმედებით სამყაროს, ასევე იმ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობდა, დასავლურ-ქართული ყოფის, შინაური ატმოსფეროსა და ლეჩხუმური კულტურის ელემენტებით.

ახალი ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, წიგნებსა და პირად ნივთებს, რომელიც პოეტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

პროექტის მიზანია ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იქცეს არა მხოლოდ მემორიალურ ადგილად, არამედ ცოცხალ კულტურულ სივრცედ, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას.

გუშინ, 16:21
უკან დაბრუნება