“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის გურიის მონაკვეთი, სადაც ვგეგმავთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის გაიხსნას 6 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო მომდევნო 6 კმ-ის დასრულება აპრილისთვის არის დაგეგმილი. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამტრედიის ხიდის მონაკვეთი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რომელიც თავის დროზე იყო დაშვებული. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს მონაკვეთიც სრულად გავხსნათ,”-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია — ტარდება ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა. 11-კმ-იანი მონაკვეთიდან 10 კმ-ის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კმ მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, საერთო ჯამში 30 კმ, უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.
სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მაგისტრალური გზა გაზრდის სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს უზრუნველყოფს.