ვიზიტორები ოკაცეს კანიონზე მოგზაურობას უამინდობის შემთხვევაშიც შეძლებენ. აღნიშნული მიზნით კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა: მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეს ამცირებს.
“დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს.
ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას; რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ კიდულ ბილიკზე გავლა, უამინდობის დროს, გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა.
ოკაცეს კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია,”-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.