TOP-NEWS.GE / რა ეტაპზეა ბაღდათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა ბაღდათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა?

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, რეგიონში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, დაბა აბასთუმნის განვითარებისთვის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათი-აბასთუმნის გზის კაკასხიდი-ზეკარის საუღელტეხილო 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებ ტყიან და ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები.

ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტი და ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ბენარას გზიდან საირმე აბასთუმნის ხრეშოვანი გზაა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს ძალიან ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება ისე რომ კურორტზე ავტოტრანსპორტმა არ გაიაროს.

ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული საგზაო მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. 

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგძე 73.3 კმ-ია. პროექტი ჯამში 10 ლოტისგან შედგება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 65.5 მლნ ლარამდეა. 

21-08-2025, 23:50
უკან დაბრუნება