ჭიათურის საწარმოებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი დასკვნით ფაზაში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის 21 ივლისიდან ჭიათურაში ოპერირებადი კომპანიები იწყებენ საბოლოო ანგარიშსწორების აქტების ინდივიდუალურად და ორგანიზებულად (შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად) გაფორმებას იმ პირებთან, რომლებიც ვერ დასაქმდნენ რეორგანიზების პროცესში ჩამოყალიბებულ ახალ საშტატო სტრუქტურაში-ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” ავრცელებს.
მათივე თქმით, საბოლოო ანგარიშსწორების აქტით გადასახდელი თანხა დაანაგარიშდება კანონის შესაბამისად და ხსენებულ პირებს კომპანიისაგან მიეცემათ:
• 2025 წლის 27 აპრილამდე დაგროვებული სახელფასო დავალიანება (შემდგარი 60%-იანი კალკულაციისგან შესაბამის პერიოდებზე);
• გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება;
• კომპენსაცია ხელფასის ერთთვიანი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საბოლოო ანგარიშსწორების აქტის ხელმომწერ პირს შეუნარჩუნდება საოჯახო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი წლის ბოლომდე.
ამავდროულად, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან რეორგანიზაციასთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვენლოვან საკითხებზე. ავღნიშნავთ, რომ რიგ საკითხებზე გვაქვს უთანხმოება და განსხვავებული ხედვები, რომელთა გადაჭრას ვიმედოვნებთ კონსტრუქციული და სარკისებურად სამართლიანი მიდგომებით. გვინდა ხაზგასმით დავაფიქსიროთ, რომ საბოლოო ანგარიშსწორების აქტით განსაზღვრული ფინანსური პაკეტის მაჩვენებლები და მათი დაანგარიშების მეთოდოლოგია გამომდინარეობს საკანონმდებლო სტანდარტებიდან და მათი გაუმჯობესება სცდება როგორც ვალდებულებით ნაწილს, ასევე ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, მიუხედავად დიდი სურვილისა უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით,”-აცხადებენ მაღაროების მმართველ კომპანიაში.