TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შანხაის გლობალურ ტექნოლოგიურ სკოლაში სასწავლო კურსს გაივლიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შანხაის გლობალურ ტექნოლოგიურ სკოლაში სასწავლო კურსს გაივლიან

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ლანა ჭანტურიძე, ერეკლე ბერიძე, ლიზი არეშიძე და თეიმურაზ ფხაკაძე შანხაის (ჩინეთი) გლობალურ ტექნოლოგიურ სკოლაში SCHOOL ON SUSTAINABLE AI-ის სასწავლო კურსს გაივლიან.

სკოლა, რომლის მთავარი თემაა „ხელოვნური ინტელექტის მდგრადობა“, შანხაის  თანამედროვე ტექნოლოგიების გლობალურ ცენტრში 21 ივლისს გაიხსნება და პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის იმ ძირითადი ასპექტების გაცნობა, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. კურსს გაუძღვებიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. სასწავლო მოდულები მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სესიებს, სამუშაო ვიზიტებს შანხაის ინდუსტრიულ ზონებსა და ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტები დაესწრებიან ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციას (World Artificial Intelligence Conference – WAIC), რომელიც 26-28 ივლისს ასევე შანხაიში გაიმართება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადობა ხელოვნურ ინტელექტში, ეთიკური ალგორითმები, გარემოზე ზემოქმედების შემცირება AI სისტემებში, პოლიტიკისა და მონაცემთა მართვის კავშირი, რეალურ სცენარებზე დაფუძნებული AI გადაწყვეტილებები.

FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჩინეთში სასწავლო ვიზიტის მხარდამჭერია KIU-ს მოწვეული პროფესორი ლუი სეკო (ტორონტოს უნივერსიტეტი).

17-07-2025, 18:12
უკან დაბრუნება