TOP-NEWS.GE / ქუთაისელმა სტუდენტებმა ავტობუსების ბილეთების რეზერვაციისა და გაყიდვების სისტემა შექმნეს

ქუთაისელმა სტუდენტებმა ავტობუსების ბილეთების რეზერვაციისა და გაყიდვების სისტემა შექმნეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები- თიკო აფრიდონიძე, არჩილ გერგედავა და თენგო გიორგაძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში სტაჟირებას გადიან. 

მიმდინარე სასწავლო წელს აეროპორტების გაერთიანებამ KIU-სთან პარტნიორობის ფარგლებში, სტუდენტებისთვის სპეციალური პროექტი წარადგინა, რომელიც ავტობუსების ბილეთების რეზერვაციისა და გაყიდვების სისტემის შექმნას ისახავდა მიზნად.  პროექტის წარმატებით შესრულების შემდეგ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აეროპორტების გაერთიანებისგან სტაჟირების შეთავაზება მიიღეს. ამჟამად, KIU-ს სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ვებაპლიკაციების შექმნაზე მუშაობენ.

“პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობა სტუდენტებისთვის ღირებული შესაძლებლობაა. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, უნივერსიტეტში მიღებული აკადემიური ცოდნის რეალიზება მოახდინონ. ამ შემთხვევაში, KIU-ს სტუდენტებმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარები განივითარეს, არამედ იმუშავეს რეალურ ბიზნესამოცანაზე.
მსგავსი პროექტები სტუდენტებს ასწავლის პრობლემების გადაწყვეტას, გუნდური მუშაობის პრინციპებს და დროის მენეჯმენტს. აღსანიშნავია, რომ წარმატებული პროექტი ხშირად გარდაიქმნება ახალ კარიერულ შესაძლებლობად, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა - სტაჟირების შეთავაზებით.

ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა პასუხობდეს უმაღლესი განათლება თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს - სადაც აკადემიური ცოდნა უშუალოდ პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება, განსაკუთრებით კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით,”-ამბობს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი ნიკა გაგუა. 

2-07-2025, 19:28
უკან დაბრუნება