ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
“შეხვედრა რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სოფლის სხვა საჭიროებებს ეხებოდა. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ხევში 2022 წელს აშენდა და ამოქმედდა საზოგადოებრივი ცენტრი, ამჟამად კი შენდება 50 აღსაზრდელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი და ამბულატორია.
მოსახლეობამ შეხვედრისას ინფრასტრუქტურის მინისტრს გაუზიარა სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები. რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები იქნება განხილული შესაბამის სამსახურებთან ერთად და შესაძლებლობის ფარგლებში, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები,”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.