TOP-NEWS.GE / KIU-ს ბაზაზე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება

KIU-ს ბაზაზე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავთან“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვესთან“. 

პარტნიორობის ფარგლებში, KIU-ს ბაზაზე შეიქმნება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია, რომელიც სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ და გაიღრმავონ ცოდნა, ქართული ფოლკლორის მიმართულებით.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილმა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ვარლამ ქუტიძემ.

“რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილმა KIU-ს საჩუქრად გადასცა ანსამბლის უნიკალური, საარქივო სამტომეული - „ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“. გამოცემა მოიცავს საქართველოს შესახებ მომზადებულ როგორც კულტურულ და ისტორიულ ბეჭდურ მიმოხილვას, ისე უნიკალურ, 2400-ზე მეტ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომლებიც 1901-2019 წლებით თარიღდება. გამოცემა ორენოვანია და ის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითაა დაბეჭდილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ KIU კაპელა, “რუსთავისა” და “მართვეს” გუნდები, რომლებმაც მცირე საკონცერტო ნომრები შეასრულეს.

8-06-2025, 18:32
უკან დაბრუნება