TOP-NEWS.GE / KIU ჭადრაკში, უნივერსიტეტებს შორის გამართული, პირველი გუნდური ჩემპიონატის პრიზიორია

KIU ჭადრაკში, უნივერსიტეტებს შორის გამართული, პირველი გუნდური ჩემპიონატის პრიზიორია

KIU ჭადრაკში, უნივერსიტეტებს შორის გამართული, პირველი გუნდური ჩემპიონატის პრიზიორია. 

KIU-ს სტუდენტურმა გუნდმა 24-25 მაისს, თბილისში უნივერსიტეტებს შორის გამართულ ჭადრაკის პირველ გუნდურ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. მასში 13 უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებმა: აკაკი ღაჭავამ, თორნიკე წერეთელმა, ჯაბა ადამიამ, ნიკოლოზ გაბრიაძემ, ლუკა პაიჭაძემ. მათ ორგანიზატორებისგან სიმბოლური თასი და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სპორტუნი) გუნდი, მესამე საპრიზო ადგილი კი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერგო. ტურნირი სიმბოლური პირველი სვლით გახსნა ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა ნანა იოსელიანმა, რომელმაც  გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. 

დახურვის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და  საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ KIU-ში სტუდენტებისთვის წარმატებით ფუნქციონირებს ჭადრაკის კლუბი და ეწყობა შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი.

26-05-2025, 14:19
უკან დაბრუნება