ჭიათურაში, წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით, იწყება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა. აღნიშნული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დახურულ მაღაროებში მუშაობის განახლება-განცხადებას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანი” ავრცელებს.
მათი ცნობით, მაღაროების შესწავლის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე სპეციალისტები შეაფასებენ, შენარჩუნებულია თუ არა სამუშაო ველი დახურულ მაღაროებში და რამდენად არის უსაფრთხო პირობები მიწისქვეშა სამუშაოების გასაგრძელებლად. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება როგორც არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ასევე გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების სტანდარტები.
“მეორე ეტაპზე, დაიწყება აღდგენა-გადამაგრების პროცესი. ეს მოიცავს ჩამოქცეული მასების გამოტანას, დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მაღაროების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებას.
სპეციალისტების მიერ მაღაროების შესწავლის შემდეგ მომზადდება დასკვნა, რომელშიც დეტალურად განისაზღვრება, შესაძლებელია თუ არა შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში სამუშაო ველის შენარჩუნება და წარმოების აღდგენა. დადებითი დასკვნის შემთხვევაში გაიწერება მოპოვების დეტალური გეგმა-გრაფიკი.
გეგმის მიხედვით განისაზღვრება სამუშაო ველების ზუსტი არეალები და შესაბამისი საკომპენსაციო მექანიზმი, რაც სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის კომპენსაციების გაცემას. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება , თუმცა საყურადღებოა, რომ მაღაროების შესწავლისა და წარმოების აღდგენის გარეშე ადგილობრივ მოსახლეობაზე კომპენსაციები ვერ გაიცემა.
მივმართავთ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და მოვუწოდებთ, ხელი არ შეუშალონ სპეციალისტებსა და ტექნიკურ ჯგუფს. აუცილებელია მათი შეუფერხებელი დაშვება მაღაროებში, რათა მოხდეს ერთი წლის წინ პარალიზებული სამუშაო ველების სრულყოფილი და პროფესიონალური შესწავლა. მხოლოდ ობიექტური შეფასების საფუძველზე იქნება შესაძლებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაღაროების მომავალთან დაკავშირებით,”-აცხადებენ კომპანიაში.