TOP-NEWS.GE / ჭიათურის საწარმოების მენეჯერი: არ ვაპირებთ გაჩერებას

ჭიათურის საწარმოების მენეჯერი: არ ვაპირებთ გაჩერებას

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავს 4 ადამიანი დაესხა, გაუარესდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჭიათურის მაღაროების მენეჯერი, მიხაილ სოცკი
ავრცელებს.

“გუშინ ჭიათურაში საშინელი შემთხვევა მოხდა. რადიკალურმა ჯგუფებმა ჩვენი თანამშრომლის, თენგიზის მანქანა გააჩერეს. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ქვები დაუშინეს და უამრავმა ადამიანმა ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მადლობა ღმერთს, ჩვენი თანამშრომელი ცოცხალი გადარჩა. სამართალდამცავებმა შეძლეს ამ თავდასხმის შეჩერება. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაზარალებულს აქვს დიდი რაოდენობით დაზიანებები, ტვინის შერყევა, გატეხილი აქვს სახის ძვლები. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ველოდებით ექიმების საბოლოო დასკვნას, რომ საჭიროების შემთხვევაში თბილისში ჩაუტარდეს დამატებითი კვლევები და პროცედურები. 

ეს იყო საშინელი, არაადამიანური საქციელი. არ ველოდით რომ საქმე აქამდე მივიდოდა. თუმცა, არ ვაპირებთ გაჩერებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ჩვენი გეგმა, ყველა მოქმედება, რომელიც დავიწყეთ მაღაროების რეაბილიტაციისთვის და ამუშავებისთვის, შესრულდება. მაღაროების გაშვების ვადები არ შეიცვლება. დღეისათვის 1000 ადამიანის განცხადება მივიღეთ, ვისაც სურს სამუშაო ადგილი ახალ საშტატო განაკვეთში. ეს პროცედურა გაგრძელდება და ყველა საჭირო პროცედურა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში დასრულდება,”-ამბობს სოცკი. 

ცნობისთვის, ჭიათურაში  საწარმოო პროცესის განახლებამდე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წარმოების აღდგენას ეწინააღმდეგება ე.წ. საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრები თვლიან, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურა უნდა დატოვოს და საწარმოების მართვა თავის თავზე სახელმწიფომ აიღოს. 

29-04-2025, 14:19
უკან დაბრუნება