TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული ხალხური სიმღერის გუნდი ჩამოყალიბდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული ხალხური სიმღერის გუნდი ჩამოყალიბდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ და ბავშვთა ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“  სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

KIU-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა „რუსთავის“ გენერალურ პროდიუსერს ბექა სებისკვერაძეს და „მართვეს“  სამხატვრო ხელმძღვანელს ვარლამ ქუტიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი პაატა ტურავა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

უახლოეს მომავალში, KIU-ში „რუსთავისა“ და „მართვეს“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ამასთანავე, ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შემოქმედებითი გაერთიანება ჩამოყალიბდება, რომელსაც აღნიშნული ანსამბლების წარმომადგენლები შესაბამის პროფესიულ დახმარებას გაუწევენ. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს KIU-ში უცხოური გუნდების მიერ  შესრულებული ქართული ხალხური სიმღერის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას.

Საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობას მსოფლიო დონის იმ უმაღლეს სასწავლებლებთანაც, სადაც  ქართულ ფოლკლორს კარგად იცნობენ და ასრულებენ კიდეც. ეს კი დამატებით ხელს შეუწყობს KIU-სა და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების აქტიურ აკადემიურ თანამშრომლობას. ცნობილია, რომ "რუსთავი", ამ სახით, რამდენიმე უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან წლებია მუშაობს.

როგორც რექტორმა გიორგი ხუბუამ აღნიშნა, KIU-ში განსაკუთრებულად ნიჭიერი სტუდენტები სწავლობენ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურულ-შემოქმედებითი თანამშრომლობა ისეთ ანსამბლთან, როგორიცაა „რუსთავი“. მისივე თქმით, უნივერსიტეტში უკვე  წარმატებით ფუნქციონირებს მუსიკალური კაპელა, რომელიც სრულად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. გიორგი ხუბუამ სტუმრებს უნივერსიტეტის უნიკალური კომპლექსიც დაათვალიერებინა და სწავლების უპირატესობებზე ესაუბრა.

15-04-2025, 13:34
უკან დაბრუნება