ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის ევროპის პრიზიორს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში- ვლადიმერ გამყრელიძეს გულშემატკივრებმა, მშობლიურ ქალაქში, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ვლადიმერ გამყრელიძემ მიმდინარე წელს სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ღონისძიებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ევროპის სამგზის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ კენჭაძე, ევროპის 2025 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, მირიან მაისურაძე და ევროპის ჩემპიონი, გიორგი მეშვილდიშვილი.
გამარჯვებულ სპორტსმენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო 5 000 ლარი გადაეცა. მადლობის სიგელით ასევე დაჯილდოვდნენ მწვრთნელი ლევან ბარსონიძე და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, გიორგი ელბაქიძე.