იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები და მათი ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე იმსჯელეს, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებაზეა ორიენტირებული.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მხარეები ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო იმერეთის რეგიონში მალე ქუთაისის პარალელურად 8 მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი, რაც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას გაუადვილებს.
შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები რეგიონებში სააგენტოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრებს განაგრძობენ. მიმდინარე წელს სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლშიც.