TOP-NEWS.GE / მდინარე სულორზე ჰესის მშენებელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

მდინარე სულორზე ჰესის მშენებელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

ვანის საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანია მდინარე სულორზე ჰესის მშენებლობას გეგმავს, განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, პროექტი კვლევის ეტაპზეა და მის გარშემო საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. 

“მოგესალმებით მეგობრებო! ჩემო საყვარელო ვანელებო! 
ჩემთვის უჩვეულოა ზოგადად განცხადებებით ან კომენტარებით საუბარი. ყოველთვის საქმით და უშუალო ჩართულობით მიჯობს საქმის კეთება. ამჯერად საჭიროდ ჩავთვალე, რომ გამოვხმაურებოდი ვანის ჯგუფში გავრცელებულ დეზინფორმაციას. მე მესმის პოლიტიკურად დაინტერესებული  და ანგაჟირებული ადამიანების გარკვეული ჯგუფის, რომლებსაც, მხოლოდ მათი პოლიტიკური ლიდერების შეთხზული თეორიების სწამთ. ისინი  ცდილობენ თავიანთ ბინძურ გეგმებში სხვაც გარიონ. რაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდით. 
არასოდეს ყოფილა ჩემი ინტერესი მადლიერი ადამიანებისგან საქებარი სიტყვების მოსმენა. რაც შემიძლია, შემეძლო და შემეძლება ჩემს ხალხს და ქვეყანას ყოველთვის გვერდით ვედგები; თუმცა კონკრეტული ჯგუფისგან მუდმივი ქილიკი და უმადურობა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვის ნიშნებს იწვევს ვთლი რომ უკვე პასუხს მოითხოვს. 

უკვე რამდენიმე წელია ვაწარმოებ მდინარე სულორზე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს. პროექტის განხორციელებისათვის ჩატარდა შესაბამისი კვლევები. ჩვენ მიერ შერჩეული ჰესის მოდელი გულისხმობს მშენებლობას, მაქსიმალური სიმძლავრით 1,8 მეგავატის მოცულობით. მისი კონსტრუქცია ითვალისწინებს  წყლის ნაკადის ჩამოდინებას ღია სანიაღვრე მეთოდით. გავრცელებული ინფორმაცია ორი ჰესის აშენებასა და მდინარის მილებში მოქცევის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ მიერ შერჩეული პროექტი, არ საჭიროებს მსგავსი ტიპის დაგეგმარებას. ამ ეტაპზე დეტალური პროექტირების საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ იტალიურ კომპანია “Idrostudi LLC “- სთან, რომელიც აფასებს  ჰესის გავლენას  გარემოზე. ასევე მუდმივ რეჟიმში შესაბამისი ორგანიზაციები ატარებენ სხვადასხვა სახის მონიტორინგს: სეისმოლოგია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და სხვა.  

ჩვენ მიერ შერჩეული ჰესის ტექნოლოგიური მახასიათებლები იძლევიან ადგილობრივი მოსახელობისა და ეკოლოგიის დაცულობის სრულ გარანტიას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სანამ არ მექნება პროექტის სრულყოფილი მოდელი, რომელიც ნებადართული იქნება, შესაბამისი უწყებების მიერ, აღნიშნულ ტერიტორიაზე  არანაირი სამშენებლო სამუშაოების განხორიცელება არ დაიგეგმება; ხოლო თანხმობის  შემდეგ, დაინტერესებული საზოგადოება მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, სამუშაოების დაწყების  და უსაფრთხოების გარანტიის შესახებ. 
აღნიშნული პროექტის განხორცილების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მშენებლობის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ  დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით, რაც სასიკეთოდ აისახება სრულიად რაიონზე.

 მოგახსენებთ, რომ აქამდე არაერთხელ მქონია საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, დღესაც, როდესაც ბიჭიკო პაიკიძით დაინტერესებულ ადამიანთა ნაწილს სურს, ახალი ნეგატიური ტალღის აგორება, კვლავ მზად ვარ, სურვილის შემთხვევაში, დეზინფორმირებულ  მოსახლეობას შევხვდე და  მივაწოდო სწორი ინფორმაცია,”-ამბობს პაიკიძე. 

6-04-2025, 22:52
უკან დაბრუნება