TOP-NEWS.GE / ხარაგაულის მერი: სტიქიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. ამ ეტაპზე ყველა სამსახურსა და თანამშრომელს მოვუწოდებ, მაქსიმალური ძალისხმევით გააგრძელონ მუშაობა

ხარაგაულის მერი: სტიქიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. ამ ეტაპზე ყველა სამსახურსა და თანამშრომელს მოვუწოდებ, მაქსიმალური ძალისხმევით გააგრძელონ მუშაობა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, სტიქიის შედეგების შეჯამებისა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით თათბირი გამართა.

ხარაგაულის მერიაში სამსახურების, განყოფილებებისა და აიპების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.

ბოლო ათი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა მძიმე გამოწვევებს გაუძლო – სტიქიამ 79 სოფელში შექმნა გადაადგილების პრობლემები, თუმცა აქტიური სამუშაოების შედეგად, თითქმის ყველა სოფელი გახსნილია. დღეს სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ 2 სოფელში, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტში ყველა ცენტრალური გზა გახსნილი იქნება. ამ ეტაპზე ძირითადად საუბნო გზების გაწმენდაზე მუშაობენ.

კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც სტიქიის დღეებში აქტიურად ჩაერთო და მთელი ენერგია საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და აღდგენით სამუშაოებს მოახმარა.

თათბირზე აღინიშნა, რომ კრიზისის დროს განსაკუთრებულად ფასობს ინიციატივა, ერთსულოვნება და თანადგომა. ასევე, განიხილეს საქართველოს მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებების შესაძლებლობა, რომლითაც მერია ცდილობს, ეფექტურად მართოს სტიქია და უპასუხოს მოსახლეობის საჭიროებებს.

“სტიქიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. ამ ეტაპზე ყველა სამსახურსა და თანამშრომელს მოვუწოდებ, მაქსიმალური ძალისხმევით გააგრძელონ მუშაობა, რათა მოსახლეობას სწრაფად დავუბრუნოთ სტაბილური გარემო,”– განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. 

4-03-2025, 17:12
უკან დაბრუნება