საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულს ესტუმრა, რათა ადგილზე გაცნობოდა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. მან მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილისა და დავით დევდარიანისგან, ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროცესებზე, გაწეულ სამუშაოებზე და საგანგებო შტაბის საქმიანობაზე.
"მდგომარეობა მართლაც რთულია და მოსახლეობისთვის დისკომფორტს ქმნის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას. ამჟამად მერი, ბატონი კობა, სამუშაო თათბირზე იმყოფება, სადაც ხარაგაულში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ დამატებითი მხარდაჭერის საჭიროება და დროული გადაწყვეტილებები მივიღოთ,”-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
დეპუტატმა ადგილზე არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ:
✔ ელექტროენერგიის მიწოდება სტაბილურია
✔ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს
✔ მუნიციპალიტეტი გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
"დიდთოვლობა ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი პროცესს ეფექტურად მართავს. შტაბი აქტიურად მუშაობს და კოორდინაციას ახდენს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო გადაწყვეტილებები. მერია გააგრძელებს მუშაობას არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით,”– განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობისთვის დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანოს და პრობლემების დროული მოგვარება უზრუნველყოს.