დიდთოვლობა ხარაგაულში.
ხარაგაულში თოვის ინტენსივობა გაიზარდა – თოვლის საფარი 120-200 სანტიმეტრს აღწევს. გაძლიერებული ნალექის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია, მძიმე ტექნიკისთვის.
მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდაზე 19 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. თუმცა, უხვი თოვლის გამო, გუშინ გაწმენდილი მონაკვეთები კვლავ საჭიროებს ტექნიკის ჩართვას.
მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სპეცტექნიკა პრიორიტეტული მიმართულებებით იმუშავებს – განსაკუთრებულად პრობლემურ მონაკვეთებზე და შემოსული ზარების შესაბამისად, კონკრეტულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.
მერიის შესაბამისი სამსახურები და წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას და დახმარებას უწევენ მარტოხელა პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს.
მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები:
✔ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-წიფა
✔ ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონი
“უხვი ნალექის გამო ამ მონაკვეთებზეც გაწმენდითი სამუშაოები გართულებულია, თუმცა ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
რადგან ხარაგაულის მხრიდან ვერ მოხერხდა სამუშაოების წარმოება, ტექნიკა მოძრაობს ზესტაფონის მხრიდან და ამწუთებში აქტიურად მიმდინარეობს ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მონაკვეთის გაწმენდა.
მოქალაქეებს ვთხოვთ, გადაადგილებისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.