TOP-NEWS.GE / ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება წვიმის შედეგად დაზიანებულ ბაღს შეაკეთებს

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება წვიმის შედეგად დაზიანებულ ბაღს შეაკეთებს

ქუთაისში მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია, რომელიც უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. ძლიერი წვიმების შედეგად, ახალაშენებული შენობის ერთ ნაწილში წყალი ჩავიდა.

“ასეთ პირობებში არიან ბავშვები ბაღში, ახალ აშენებულ შენობაში. წვიმს ოთახშიც. ნესტი, სოკო, დამპალი კედლები. ბავშვებს დაეწყოთ ალერგია. ყარს ოთახი ნესტის სუნად. მაინტერესებს, ვინც ბაღების გაერთიანებაში მუშაობს, თავიანთ შვილებსაც ასეთ პირობებში ასწავლიან???,”-წერს მშობელი თიკო მხეიძე.

ახალი ამბების სააგენტო top-news.ge საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა. გაერთიანების მმართველის, დავით წიტაიშვილის თქმით, მათთვის ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უპირველესია.

“შენობა არის ახალი აშენებული, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად, მის ერთ ნაწილში წყალი ჩამოვიდა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ჩვენთვის ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოხდება დაზიანებული ადგილის შეკეთება და პატარებისთვის სათანადო პირობის შექმნა,”-ამბობს დავით წიტაიშვილი. 

20-12-2024, 21:35
უკან დაბრუნება