TOP-NEWS.GE / წყალტუბოში ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულდა

წყალტუბოში ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულდა


საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის  „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ლევან დავითაშვილი, ასევე ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება, რასაც მოჰყვება რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდა და ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.

აღსანიშნავია, რომ ქვესადგურის  მშენებლობისას დასაქმებული იყო 350-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის  ღირებულებამ  19.8 მლნ. დოლარი შეადგინა.

„ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში ,ასევე განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა, რომლის საშუალებით ქვესადგური „წყალტუბო 500“ დაუკავშირდება ქვესადგურს „ჯვარი 500“-ს.

ქვესადგურის „წყალტუბო 500“ პროექტს ზედამხედველობდა უცხოური კომპანიების ერთობლივი საწარმო Decon International GmbH, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი  თურქულმა კომპანია BEST- მა განახორციელა. პროექტის ფარგლებში შესრულდა ყველა გარემოსდაცვითი ვალდებულება როგორც საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ისე მსოფლიო ბანკის  გარემოსა და სოციალური სტანდარტების (ESS) შესაბამისად, რომელიც მოიცავდა ბიომრავალფეროვნების, ნიადაგისა და ნარჩენების მართვის ასპექტებს, ასევე სოციალურ საკითხებს.

16-12-2024, 15:00
უკან დაბრუნება