ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თათბირის მთავარ თემას სოციალური თემები წარმოადგენდა.
ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებს სოფლებში იმ ოჯახების მოძიება, ინფორმირება და მდგომარეობის შესწავლა დაავალა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური პაკეტით დახმარებას საჭიროებენ.
როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს საშეშე მერქანს გადასცემს. საშეშე მერქანი უკვე შეძენილია და ბენეფიციართა დაკმაყოფილება ამ კვირაში მოხდება. ასევე, წინასაახალწლოდ ფინანსური დახმარება გაეწევა გარკვეულ სეგმენტ ჯგუფს.
"გარდა ამისა, ინტენსიურ რეჟიმში ხდება მოქალაქეთა მხრიდან შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება, როგორც ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, ასევე, სამედიცინო კვლევებზე. კვლავ გრძელდება სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებზე ფინანსური დახმარების გაცემა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 2 991 600 ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში კიდევ უფრო გაზრდილია", -აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
სხდომაზე იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს მიწის ნაკვეთების გაფორმების ყველა საჭირო პროცედურასთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებშიც უკვე დასრულდა მიწის სისტემური რეგისტრაცია და ვინმეს დარჩა მიწის ნაკვეთი აუზომავი, მოთხოვნის საფუძველზე ამზომველთა ჯგუფი კვლავ დაბრუნდება. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.